ევროპასა და აზიას შორის გადაჭიმული, ცად აზიდული კავკასიონი სტუმრებს უმაღლეს მთის მწვერვალებსა და წმინდა ფაფუკი თოვლის უკიდეგანო სივრცეებს სთავაზობს.
შავი, აზოვისა და კასპიის ზღვებით გარშემორტყმული კავკასია, ტრადიციულად, სამ დიდ გეოგრაფიულ რეგიონად იყოფა: ამიერკავკასიად, ჩრდილოკავკასიად და იმიერკავკასიად. რეგიონის დიდებული მთები, თავის მხრივ, მთის ორ სისტემად – დიდ და მცირე კავკასიონად - იყოფა. კავკასიონი სიტყვასიტყვით ნიშნავს "მთებს უჭირავთ ცა". და, მართლაც, როგორც კი იხილავთ დიადი კავკასიონის უძველესი მწვერვალების მომნუსხველ ძლევამოსილებას, მაშინვე გაიფიქრებთ, რომ სწორედ ამ მწვერვალებზე დგას სამყარო. სახელწოდება კავკასიონი მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან "kaukasos", რომელსაც თავის მხრივ სავარაუდოდ ძველირანული ("kapkah" – დიდი მთა) ან ხეთური ("kazkaz" – ტომის სახელია) წარმოშობა აქვს. კავკასია ხშირადაა მოხსენიებული ძველბერძნულ ლეგენდებში: პრომეთე მიაჯაჭვეს კავკასიის მთას; იასონი და მისი არგონავტები კი კოლხეთში ეძებდნენ ოქროს საწმისს.
კავკასიონი მრავალრიცხოვან ტურისტთა და სპორტსმენთა ყურადღებას ევროპაში ყველაზე მაღალი მწვერვალებით იპყრობს – საქართველოში, შხარას მთის (5068მ) ფერდობზე შეყუჟულია სოფელი უშგული, რომელიც ყველაზე მაღალმთიანი დასახლებაა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ალპინისტებში სახელგანთქმული მწვერვალი უშბა (4690მ), მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად დასაპყრობ მწვერვალადაა მიჩნეული. მითებისა და გადმოცემების უშრეტი წყარო, ლეგენდარული მთა ყაზბეგი (5034მ) განთქმულია უნიკალური სილამაზის ფერდობებითა და უამრავი ისტორიული ღირსშესანიშნაობით.
No comments:
Post a Comment