მთა, მნიშვნელოვანი სიდიდის იზოლირებული ბუნებრივი ამაღლება ხმელეთის მეტნაკლებად მოვაკებულ ზედაპირზე. მისი ელემენტებია:მწვერვალი -— უმაღლესი წერტილის მიმდებარე ზედაპირი; ძირი -— ფუძე ზედაპირის მკაფიოდ გამოსახული გარდატეხის ხაზი, რომელიც უწყვეტად შემოფარგლავს მთას; კალთები -— მწვერვალიდან მთის ძირამდე დაშვებული ფერდობი. განარჩევენ მაღალ (ალპურ), საშუალო სიმაღლისა და დაბალ მთებს რელიეფით, ფლორით და ფაუნით.
ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან სიმაღლითა ერთიანი, საყოველთაოდ მიღებული გრადიცია არ არსებობს, იგი იცვლება გეოგრაფიული განედისა კლიმატური პირობების (უმთავრესად თოვლის მიჯნის სიმაღლის) შესაბამისად. ასეთი დაყოფა მოსახერხებელია ერთნაირ გეოგრაფიულ პირობებში მდებარე მთების შესადარებლად და გამართლებულია იმით, რომ მათ ერთმანეთისაგან განსხვავებული მორფოლოგიური სახე აქვთ: მაღალ მთებს ახასიათებს ძველი და თანამედროვე გამყინვარებისა და ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვისაგან დაკბილული მწვერვალები, გაშიშვლებული ციცაბო კალთები (მის კალთებზე არ იზრდება არც მცენარეულობა და არც ცხოველები ბინადრობენ.), ხოლო საშუალო და დაბალ მთებს -— მომრგვალებული მწვერვალები, გლუვი, დამრეცი კალთები, დაფარული გამოფიტვის ქერქით, ნიადაგითა და მცენარეულობით.
მასივები ასეულ და ათასეულ კმ-ზე გაშლილ მთიან მხარეებს (მთებს) წარმოქმნიან (მაგ., კავკასიონი, ურალის მთები). წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ ტექტონიკურ, ეროზიულ და ვულკანურ მთებს. ტექტონიკური მთები ძირითადად წარმოიქმნება გეოსინკლინში შრეების ინტენსიური დანაოჭებისა და დედამიწის ქერქის აზევების შედეგად. ტექტონიკური სტრუქტურების შესაბამისად განარჩევენ ნაოჭა და ლოდა მთებს. ეროზიული მთები დედამიწის ქერქის მაღლა აზიდული ჰორიზონტული სტრუქტურების პლასტოსებრი ზედაპირის დანაწევრების შედეგია. ვულკანური მთები -— ვულკანური კონუსების, ლავური ღვარების, ტუფური საფრის ერთობლიობაა.
No comments:
Post a Comment